rruru blog

rruru
60, Tbilisi, Gruzija

დუმილი  ჩამოწვა  მძიმე,

კოცონი  ღუოდა  წითლად;

- დათმეო,  რამეთუ  მცირე

არისო  ქართული  მიწა.

და  როცა  ცეცხლის  წინ  შევდექ,

მანდილზე  მიტაცეს  ხელი,

ცხელ  შანთებს  მადებენ  მკერდზე,

დაფარონ  სიშიშვლე  ჩემი!

კოცონში  მაგდებენ  უძლურს,

როგორც  ღვთის  საწირავ  ზვარაკს,

მე  მტკივა  მოჭრილი  ძუძუ,

უფრო  კი  სირცხვილი  მზარავს.

მე  ვითმენ  წამებას  დიდხანს

და  ყელში  მობჯენილ  კივილს,

რამეთუ  ნაშენი  ვიყავ

ქართული  მიწით  და  კირით.

ქოქოლას  მაყრიან  მძევალს,

ვიწვი  და  მაინც  არ  ვგმინავ.

ასე  სჭედავდნენ  ძველად

ცეცხლში  ხალიბები  რკინას.

მე  ჩემ  სიზვიადეს  ვენდე,

ტანთ  აბჯრად  სიმშვიდე  მეცვა.

ეგრგ,  დედოფალო,  ეგრე,

ცოტაც  და  იწღება  ზეცა!



რა  გვაქვს  სამტრო  და  საკამათო,

სად  გვაქვს  გასაყოფი  ზვრები  და  ტბები,

როდემდე  ვუგოთ  ერთმანეთს  კაკანათი,

როდემდე  ვიყოთ  ძმები  ძმის  მტრები,

ერთი  მზე  გვათბობს,  ერთი  მზე  დაგვცქერის,

იმ  ერთი  წინაპრის  ნაკვალევს  ვკოცნით,

ერთი  გვაქვს  რჯული,  ჭალა  თუ  ჩანჩქერი,

ერთნი  ვართ  სისხლით,    ხორცით

ნუ  გავხდით  ჩვენს  ამბავს  საიგავოს,

ნუ  დავაპურებთ  უძღებს,

ძმამ  ძმა  ბეწვის  ხიდზე  გავიყვანოთ,

ვამრავლოთ  ჭერი  და  ფუძე.

ვახაროთ  აჭრილი  ნერგები  თვითონვე,

რაც  მტრობით  მოცელეს,  მოწვეს,

თორემ  თვით  გავხდებით,  იცოდეთ,

ჩვენივე  დაღუპვის  გარეშე  მოწმე.

თორემ  ხელი  ერთპირ  განქარდება,

რაც  წლობით  მამებმა  დუღაბით  შეკრეს,

თავზე  დაგვატყდება  ანათემა,

სხვა  მიუპატრონებს  გელათს  ნეკრესს.

აღარ  ეყოლება  გამკითხველი

მტრობას,  შურს,  ღალატს  და  შფოთვას,

აღარ  ეყოლება  წამლითხველი

ილიას,  ვაჟას,  შოთას.

ნუ  გავხდით  ჩვენს  ამბავს  საიგავოდ,

ძმამ  ძმა  ბეწვის  ხიდზე  გავიყვანოთ!



არწივს,  ყვავ - ყორნებით  მონადიმეს,

არ  ესვრის  ნამდვილი  მონადირე.

არც  ბულბულს,  საგალობლად  ყელაღერილს,

არ  გაბრდღვნის  ალალი  ხელაღებით.

ლაქაშში  სალამურად  გაზრდილ  ლერწამს,

ქარი  არ  დალეწავს  თვალიერქამს!

არც  ლოდებს,  გაჩენიდან  ძილისგუდებს,

გულში  შიშს  ვერავინ  ჩაუბუდებთ.

რადგან  ბედი  შუბლზე  აწერიათ,

ინწობა  წინწყარო  თუ  ქვაწერია,

უნდა  მოვიხადოთ  კაცის  ვალი,

რადგან  საიმქვეყნოდ  საფიცარი

არის  სუი  სხვა  გზა  და  საფიცარი! 


მოსულნი  კვლავ  მრავლაგ  არიან,

ხალხი  დის,  ვით  ხატში  მლოცავი,

-  ეს  წიწამურია,  პანი  მარია,

აქ  მოკლეს  მოსუცი  მგოსანი.

ტყვია  გაიმეტეს,  განა  დაფნა,

ვინც  მიწყივ  გვიცავდა  საკუთარ  სისხლით,

რით  ამოვიშანთავთ  სირცხვილის  ლაქას

ქართველის  მისხის  მისხი!

გზას  იქით  წინამძღვრიანთკარია,

ამ  გზაზე  ცრემლებით  გვივლია,

ეს  საგურამოა,  პანი  მარია,

აქ  მოკლეს  მოხუცი  ილია,

მერე  მღვრიე  წყალი  ვაწმინდავეთ,

ზოგს  სიცოცხლეშივე  დავადგით  დაფნა,

- არ  გჯერათ? - ხვალევე  აგიყვანთ  მთაწმინდაზე,

გაჩვენებთ  საყვარელ  საფლავს.

ჩვენი  საოცნებო  მთა  და  ბარია

ცოდვა - ბრალს  როგორ  ავაცდინო,

ეს  წიწამურია!

              პანი  მარია,

                         აქ  მოხდა

მკვლელობა  სამარცხვინო!


ვაი  მას,  შამქორს,  ანდა  ასპინძას,

ვინც  გულდედლურად  სული  წაწყმინდა,

ვაი  მას,  ვისი  ჭირისუფალიც

შენ  არ  იქნები,  ჩემო  მთაწმინდა,

ვაი  მას,  ყელზე  თუ  ნანადურის

არ  მოხვევია  მძიმე  ნაწნავი,

არა  ჰყავს  სადმე  ერთი  წაწალიც,

ანდა  ნაძმობი ფიცვერცხლნაჭამი,

ვაი  მას,  ქვეყნად  ვინც  კუდის  ქნევით

და  ფოლორცობით  მრავალ  წელს  ცოცხლობს,

ვისაც  მარანში  საკუთარ  ხელით

არ  აუხდია  სტუმრისთვის  ქოცო!

ვინც  ემალება  საკუთარ  სინდისს,

ვით  სახლის  პატრონს - სინდიოფალა,

ვინც  მეწისქვილის  საბრალო  წვრილშვილს

სიმწრით  ნაშოვნი  მინდი  მოჰპარა.

ვაი  მას,ვინც  არ  შეხედა  გამჩენს,

წყალს  საკალმახეს  ვინც  წამლავს  კირით,

ვინც  მაშინ  ეძებს  იორში  სარჩოს,

როცა  კალმახი  წყალში  ჰყრის  ქვირითს.

უსაქართველოდ  მეც  მიჭირს  სუნთქვა,

არ  ვიცი,  იღბალს  ცაში  ვინ  მიქსოვს,

ვაი  მას,  მაშინ  თუ  ჭირისუფლად 

არ  ეყოლები,  ჩემო  თბილისო!


 მე,  როცა  ვაღმერთებ  ვისმე,

ვარ  ბედნიერი  და  ხალასი:

მიწიდან  უენო  ბალახის

ხმამაღალ  ლაპარაკს  ვისმენ,

შევცინი  ცასა  და  ქვეყანას

მე,  როცა  ვაღმერთებ  ვისმე.

მე,  როცა  ვუყვარვარ  ვისმე,

ვმაღლდები,  ვით  ცაში  სამრეკლო:

მსურს  ცისკრის  ზარებად  დამრეკონ,

ვიცინი  ისევ  და  ისევ.

ვუღიმი  გამვლელს  და  გამომვლელს,

მე,  როცა  ვუყვარვარ  ვისმე.

მე  თავი  მგონია  მაშინ

ყველა  ტკივილების  მომრევი,

ვარ  დიდი  სიმღერების  მორევი,

ვარ  ენატიკტიკა  ბავშვი 

და  ყველა  ლამაზი  სიმღერა

მე  ჩემი  მგონია  მაშინ.

მე  მინდა,  სიცოცხლის  ბოლომდი,

ვენდო  ოცნებას  და  მოლოდინს,

დიდი  სიმღერების  ხალისი

გულს  მენთოს  ისევ  და  ისევ:

ვიმღერო  მზის  საგალობელი,

მიყვარდეს,

ვუყვარდე  ვისმე!


გადამატარე  ტყეები,  კბოდე,

ამავსე  ცეცხლით,  ხვატით,

შემაძლებინე  შენს  მკლავზე  მოვკვდე,

დავთმო  სჯული  და  ხატი.

არხოტში,  როგორც  ცა  და  ღრუბელი,

ვიაროთ  მთიდან  მთაზე,

ქედზე  დავიდგათ  ზეცის  უღელი,

თმებს  ვარსკვლავები  რთავდეს.

არ  შემოგჩივლებ  მწყურვალი  დაღლას,

თუნდ  სადმე  ბილიკს  ავცდეთ ,

ვიქნებით  მაღლა,  ყველაზე  მაღლა -

მთაზე,  მზეზე  და  კაცზეც,

დავემალებით  ცრუსა  და  მავნეს,

ქარებს  კარდაკარ  მყივანს,

ჩემს  ერთ  სიცოცხლეს

შენ  შემოგალევ, -

ყველაზე  გულქვა  მყინვარს.


 პატარა  ღალედ  მოწანწკარებდა

ჩემი  სიცოცხლე  ჩუმი  და  მკრთალი,

შეჩერდი  ჩემი  გულის  კარებთან

შორით  მოსული  მწყურვალი  მგზავრი.

და  როგორც  ხელზე  გაზრდილ  ბიჩოლას,

ყელზე  შემაბი  ჭრელი  ბაწარი,

გულმა  იმგვარად  დაიწყო  ჩქროლა 

სიტყვის  ამოთქმაც  ვერ  მოვასწარი.

მინდა  მარწიო,  როგორც  თავთავი,

მაკმარო  კენტად  ყოფნა  აქამდე,

რომ,  როგორც  ღელის  სიცოცხლე  ზღვაში,

ჩემი  სიცოცხლე  შენში  გათავდეს.


 ვარ  გაზაფხულის  წვიმებით  სავსე,

გული,მარტივით,  ასჯერ  იცვლება,

არ  შეიძლება  მიყვარდე  ასე,

რომ  არ  მიყვარდე,  არ  შეიძლება.

ჩემი  სიზმრები -   ლოდინი,  ეჭვი,

ტანჯვით  აავსე,  როგორც  საკანი,

ასჯერ  დამარტყი  ნატყვიარ  ბეჭზე,

სამაგიერო  მე  ვერ  დაგკარი.

გამომიმეტე  დაუნანებლად,

ყველა  იმედის  ძაფი  წამართვი,

დამთვარულ  ბილიკს  თავი  ვანებე,

გზად  მივიჩნიე  უგზო  წარაფი.

არც  ისე  მინდა  დამღალო  ძებნით,

დამაწყევლინო  ჩემი  თავ-ბედი,

მე  მინდა  ისე  წავიდეს  წლები,

ცეცხლზე  ვეკიდო,  როგორც  აბედი,

არც  ისე  მინდა  ჩამიწყდეს  რიხი,

არც  ისე  მინდა  ვიქცე  სამიწედ,

რომ  ერთხელ  მაინც  სიმღერით  დიდით

გულის  ძარღვები  არ  გადამიწყდეს.

ხარ  გაზაფხულის  წვიმებით  სავსე,

ასჯერ  გეცვლება  გული  მარტივით,

როგორც  ცხოვრება  ჩუმი  მარტვილის,

დამაქვს  ცხოვრება  ძალზრ  მარტივი.

 


23.08.2010

Она  всегда  успешная  и  сильная,                                                                   Она  всегда  красивая  и  стильная,                                                                   Она  не  плачет,  когда  очень  больна,                                    …


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta