14.12.2011
ევა
35, Tbilisi, Gruzija

მინდა, გარდაქმნა და მერქვას ევა,

თუნდაც მიწოდოს მოდგმამ მაცდური,

მინდა, იგემო ცოდვის ნაყოფი-

ვაშლი, სიმწიფით ალგადაკრული.

მინდა, ფოთლებით ფარავდე სხეულს,

მინდა, გეხვიოს ჯოჯოხეთური

ვნება, სირცხვილში ნამზეურები,

ვნება, სიგიჟედ გადაქცეული.

მინდა, მე ვიყო ის ერთადერთი,

მინდა, გიჩენდე კაენს და აბელს,

მინდა, ვიწვნიოთ ის ოფლის წვეთი,

რასაც თამამი ნაბიჯი გვარგებს.

მინდა, არ მოკვდეს ხატება შენში

ძლიერი ქალის და სუსტი სქესის,

მინდა, შენ მედგე გვერდით მახვილად,

მინდა, მატარო ღრუბლებში ხელით.

მინდა, შენ აგო პასუხი ღმერთთან,

რომ სულსწრაფობით ღირსებას სძლიე,

რომ დაგიმონა ქალის მაცდურმა

სიტყვამ და ფეხქვეშ რომ გაეფინე.

მინდა, თებერვლის სუსხიან ღამეს

მეხუროს შენი უხეში შალი,

შენ კი გტანჯავდეს ყინვა, სიცივე,

იცოდე ჩემი მკლავების ფასი.

მინდა, ხედავდე ყოველდღე სიზმრად,

როგორ მივყავარ ჩალებში სიკვდილს,

როგორ გიწყდება კივილით ხმა და

როცა ვერ მშველი, ბავშვივით ტირი.

მინდა, გტკიოდეს ყველა შეხვედრა

და კიდევ უფრო გტკიოდეს წასვლა,

ჩემთვის უძლებდე ყველა გოლგოთას,

ცილისწამებას, გაკიცხვას, განსჯას.

მინდა, გამექცე, დამტოვო მარტო

და დროსტარებით იკლავდე დარდებს,

მინდა, ათას ქალს ერთად ხვდებოდე

და მაინც ჩემსას ეძებდე თვალებს.

მინდა გტანჯავდეს ეჭვები, გღრღნიდეს

და აკეთებდე ტკივილით დასკვნებს,

მინდა, ნანობდე ყველა იმ ლოცვას,

რომლის მარყუჟშიც არ ჩამანასკვე.

მინდა, გაიღო ყოველდღე მსხვერპლი

და ეს სიწმინდე აქციო კულტად,

ჩემს ფერხთგართხმული მინდა, ესვენოს

შენი თითებით გვირილა ბღუჯად.

მინდა, მწვერვალზე მიგყავდე ღამით,

ვხედავდეთ ერთად ამოსვლას მზისას,

მინდა, ყვებოდე ბევრ ლამაზ ზღაპარს

და ჩემთან ყოფნა გინდოდეს, მინდა.

მინდა, ვთესავდეთ, ვიმკიდეთ მარცვლებს,

პურის თავთავებს და ვკრავდეთ ძნებად,

ჩვენი სახლიდან გაჟონილ სურნელს

მინდა, მოჰყავდეს სულყველა ჩვენთან.

მინდა, ყანებში, გადამწვარ მზის ქვეშ

ეფერებოდე ცისთვალა ბავშვებს,

მინდა, ყოველ წელს ჩაყარო ვაზი,

ჩემს დაბადებას იმ ღვინით სვამდე.

მინდა, მხატავდე, თუნდაც უნუჭოდ,

მინდა, მმღეროდე და მინდა, მწერდე,

აღტაცებული, გაგიჟებული,

მჩუქნიდე, თუნდაც ურითმო ლექსებს.

მინდა, ვხუჭავდე შენი სურვილით

თვალებს და მერე მადგამდე გვირგვინს,

მინდა, გინდოდეს ნისლი და ქარი

და მინდა, მთხოვდე წვიმაში სირბილს.

მინდა ვცხოვრობდეთ სადმე კლდის პირას-

ისლის ქოხებში ან სულაც მთაზე;

ლოცვას ვამბობდეთ გათენებისას,

მერე სამრეკლოს ვუვლიდეთ ცხრაჯერ.

მინდა, მიტანდე ზოგჯერ ეგოისტს

და ღიმილს გგვრიდეს ბავშვობა ჩემი;

მინდა, კრძალავდე და მინდა, გთხოვდე,

მერიდებოდეს მე მინდა შენი.

მინდა, შენს მამაც ხელის მტევნებში

ესვენოს ჩემი დაღლილი სახე;

განვსხვავდებოდე მე მინდა შენგან,

მაგრამ ამავდროს თან მინდა, გგავდე.

მინდა, შენ იყო საყრდენი ძალა

გადაქაფებულ, ბობოქარ ზღვაში,

არ გეშინოდეს წყლის ქარიშხლების,

მზესთან გაგყავდე პატარა ნავით.

მინდა, იცოდე შენ ყველა ლექსი,

ყველა სტრიქონი და ყველა ფრაზა

რაც კი მე მითქვამს, რაც უთქვამს სხვებსაც

და რასაც ვინმე კვლავ იტყვის ალბათ.

მინდა, განცდებით ყვებოდე პეტეფს,

ტერენტის, შექსპირს, ბლოკს, პუშკინს, გალას,

მინდა, გისმენდე, ვტკბებოდე შენით,

რომ შენ არასდროს არ იგრძნო დაღლა.

მინდა, ვუკრავდე შენს სულის სიმზე

ქნარს, ვიოლინოს, გიტარას, ჩელოს;

მინდა, იმდენი ნოტი დავუკრა

თითები ბოლოს რომ აღარ მეყოს.

სითბო მოქგონდეს ხელისგულებით,

ისე ციოდეს, ანთებდე კოცონს,

მინდა გვეხუროს ღრუბლების ფარდა

და არ უჩანდეს ამ ზღაპარს ბოლო.

მინდა, იგემო ყველა ეს მსხვერპლი

და მოდგმამ თუნდაც მიწოდოს ე ვ ა ,

მე მაინც მოგთხოვ სიყვარულს ჩემს წილს

და შენს გარდაქმნას მაინც გავბედავ...

21 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta