ყოველი ყმაწვილი ქალის სახეზე....
58, Tbilisi, Gruzija


როცა ეული ტრამალის მგელი ღამის სიბნელეში ყმუის, როცა ბუ კივის, მტრედი ნაზად ღუღუნებს, ხბო დედას ეძებს, სინამდვილეში შენ გიხმობენ, უფალო, და თვითონაც არ იციან ეს! ყველა ქმნილება სხვადასხვა ენით განუწყვეტლივ შენ ერთს გეძახის! შენ გეძებს ლომი, როცა ღრიალებს და ყველა ბაყაყი, როცა ყიყინებს. შენ გადიდებს პოეტთა და შეყვარებულთა ენა და ბერთა ლოცვა.
ნებისმიერი რასის ადამიანის, ბავშვისა თუ მოხუცის, მზრუნველი დედისა თუ შეყვარებული ქალის, პოლიციელისა თუ მოსამსახურის, ავანტიურისტისა თუ მკვლელის, რევოლუციონერისა თუ დიქტატორის და, რა თქმა უნდა, წმინდანთა თვალებში ჩანს უსასრულო მონატრება და დაუოკებელი წყურვილი, იდუმალი ცეცხლი, ღრმა უფსკრული ბედნიერებისა და სიხარულისა, მისწრაფება ყველაფრის უსასრულოდ ფლობისა. უკლებლივ ყოველი არსება გრძნობს წყურვილს, რომელიც სინამდვილეში ღვთისადმი სიყვარულია. ამ წყურვილზეა საუბარი ჭასთან მყოფი სამარიტელი ქალის იგავში.
ამ წყურვილის მოსაკლავად ჩადიან ადამიანები ყველა დანაშაულს; მის გამო იწყებენ ომებს; იპყრობენ მთის მწვერვალებს და იკვლევენ ოკეანეთა ღრმულებს; მისთვის ბატონობენ და აწყობენ ინტრიგებს; მისთვის აშენებენ, წერენ, მღერიან, ტირიან, უყვართ და სძულთ. ყოველი ადამიანური მოქმედება, თვით ცოდვაც, არის ღვთის ძიება. მხოლოდ ერთია დასანანი, რომ ვეძებთ მას ხშირად იქ, სადაც ის არ არის, ვეძებთ ყველგან: სუფრასა თუ ზეიმებზე, კინოსა თუ ბარში, მაგრამ მისი პოვნა შესაძლებელია ერთადერთ ადგილას - ჩვენსავე გულში! ამიტომ ამბობს ნეტარი ავგუსტინე: „ეძებე, რასაც ეძებ, ოღონდ იქ არა, სადაც ეძებ!“
ყოველ გულში ერთი და იგივე კოცონი ანთია, ერთი და იგივე დაუოკებელი წყურვილია. „როგორც ირემი წყაროს წყლისკენ, ისე მიისწრაფის ჩემი სული შენსკენ, უფალო!“ - ამბობს მეფსალმუნე. ყოველი გული ამ ისრით არის დაჭრილი. დიქტატორთა დაუოკებელი მისწრაფება ძალაუფლებისკენ, ქონებისა და ფულისკენ სინამდვილეში ღვთისადმი სიყვარულია. შეყვარებული, მკვლევარი, ბიზნესმენი, აგიტატორი, ხელოვანი თუ მლოცველი ბერი, ყოველი ეძებს ერთსა და იმავეს - ღმერთს და არაფერს მის გარდა. ყოველი ყმაწვილი ქალის სახეზე ღვთის ანარეკლი ისახება, ამიტომ არის ასე მშვენიერი და ჩვენ გვიზიდავს ეს ანარეკლი, რადგან ჩვენ მარადიული ცხოვრებისთვის ვართ შექმნილნი! უფალი ყოველი სულის სამშობლოა. ის არის ჩვენი ერთადერთი მონატრება. ღმერთი ყოველი ქმნილების გულშია დამალული და გვეძახის ჩვენ. ის არის ის იდუმალი გამოსხივება, რომელიც ყოველი არსებიდან გამოსჭვივის. ჩვენ, ჩვენი გულის სიღრმეში გამუდმებით გვესმის მისი ძახილი, როგორც ხარირემს ფურირემის ძახილი ან როგორც ჯულიეტას აივნის ქვეშ მდგარი რომეოს სტვენა.

"წყურვილი" - ერნესტო კარდენალი
მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

20 pregleda
 
Komentari
xameleon 22.12.2013

ღმერთი ყოველი ქმნილების გულშია დამალული და გვეძახის ჩვენ. ის არის ის იდუმალი გამოსხივება, რომელიც ყოველი არსებიდან გამოსჭვივის. ჩვენ, ჩვენი გულის სიღრმეში გამუდმებით გვესმის მისი ძახილი, როგორც ხარირემს ფურირემის ძახილი ან როგორც ჯულიეტას აივნის ქვეშ მდგარი რომეოს სტვენა........

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta