ნუ  გეშინია,  დედა!
60, Tbilisi, Gruzija

დედა! ჩემო საყვარელო დედა, წერილი და ამანათი მივიღე შენგან, წერილზე ლაქებია, გიტირია. რა მჭირს სატირალი? ომში ხიმ არ ვარ?! გათავდება ეს მეორე წელიც და ჩამოვალ. რომ იცოდე რა კარგად ვარ, აკი გწერდი კიდეც, ძალიან კარგად ვარ მეთქი, არც მწყურია, არც მშია, არც მცივა, კინო მე არ მაკლია და ცეკვა. ყოველ კვირას მიშვებენ ქალაქში. ზღვა გვერდით მაქვს და მთა. აქ ყველაფერი ერთადაა ზღვაც, მთაც, ბარიც, ზამთარიც, ზაფხულიც, გაზაფხულიც და შემოდგომაც. აქ ისეთი მეგობრები მყავს, სულ მზესა და მთვარეს ჩემზე იფიცებენ. გიგზავნი სურათს, სამნი ვართ: შავი ჯაყელია, დანარჩენს მიხვდები.

ეს საქართველო, ქსენია რომ გიყვებოდა, ის არ გეგონოს, სულ ტყუილია, დედა, ახლა რომ მაგონდება, მრცხვენია კიდეც. ქართველები რბილი ხალხია,ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. ჯაყელს დედა არ ჰყავს,შენი სურათი რომ ვაჩვენე, ასე მითხრა სულ დედაჩემს ჰგავსო, ტყუილს ამბობ-მეთქი რომ ვუთხარი ასე მითხრა თვალებით ჰგავსო. დედას იფიცებს ხოლმე. როდესაც დედას იფიცებს მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, დედი, საქართველო, სამოთხესავით, მაგრამ ერთი ჩემს ტრამალზე მარბენინა ახლა, ერთი ჩემი პურის ყანაში მაგორავა. რომ იცოდე როგორ მენატრები. წინ ამანათი მიდევს, პურს ჩვენი ბეღლის სუნი აქვს, არაჟანს- ჩვენი ძროხის, მურაბას-ჩვენი ალუბლის ბაღის სუნი, ხახვს-ჩვენი ბოსტნის სუნი, ძეხვს-ჩვენი სხვენის სუნი და თვითონ ამანათს ჩვენი სახლის სუნი აქვს, სკოლიდან მომავალს, კვამლის სუნთან ერთად ნიავი რომ შემაგებებდა ხოლმე. ორი თვეღა დარჩა, ჩემო თბილო და ჩემო ტკბილო დედი. ჩამოვალ და ჩავაბარებ ინსტიტუტში. მომიკითხე მეზობლები.

გკოცნი შენი შვილი პეტრო შერბინა.

43 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta